გაბუნია – „მწვანე საშვს“ არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი, თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს ადამიანებს

„მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს, როგორც მომხმარებელს, ასევე დამსაქმებელს და დასაქმებულს, რომ თუ მათ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, ახლა აიცრან, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „მწვანე საშვი“ არ არის ერთადერთი საშუალება, რომ მოქალაქეები აიცრან.

ამასთან, გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ღონისძიებები, რომელიც ვაქცინაციის გასააქტიურებლად არის ამოქმედებული, გაგრძელდეს.

„„მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი ეს მექანიზმი ამოქმედდება, არც ერთ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და არც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ კიდევ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ვაქცინაცია ვერ გადაწყვიტა. თუმცა სხვა ყველაფერი დანარჩენი უნდა გაგრძელდეს. რა იქნება „მწვანე პასპორტის“ მოსალოდნელი შედეგი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ყველაფერი არის ქვეყნის სპეციფიკიდან, მოლოდინებიდან და განწყობებიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება“, – განაცხადა გაბუნიამ.

წინა სტატიაშითამარ გაბუნია – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია
შემდეგი სტატიაგაბუნია – მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, რაც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში