გაბუნია – მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის

ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით ექნებათ.

„დღეს განიხილება კიდევ ერთხელ დეტალები იმისთვის, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი იყოს უსაფრთხო. 25 მარტიდან იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის. ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის. თავდაპირველად ხდება არჩევანი ვაქცინებს შორის და შემდეგ გამოჩნდება ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდულია. სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 400 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს შეხვედრა ჩატარდება იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან, სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთონ.

რაიმე საფუძველი, რომ რომელიმე ჯგუფს უპირატესად შევთავაზოთ ან „ფაიზერის“, ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მეცნიერული საფუძვლები არ არის. ამ პრინციპს დაეყრდნობა სამომავლოდაც ვაქცინაციის პროგრამა. ამ ეტაპზე, ვაქცინაციაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული. დღეს მოწვეული არიან დიდი კლინიკები, რომლებიც ჯერ პროგრამაში ჩართულნი არ არიან, თუმცა სამომავლოდ, როდესაც დაგვჭირდება პროგრამის გაფართოება, ეს კლინიკებიც მზად არიან, რომ მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგუდამაყრის ხეობაში 22 სოფელი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი
შემდეგი სტატიატიკარაძე – უახლოეს მომავალში ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება