გაბუნია – კოვიდპანდემიის თემა პირველი დღიდან იყო გარკვეულწილად პოლიტიზებული და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად

კოვიდპანდემიის თემა იყო გარკვეულწილად პოლიტიზებული პირველი დღიდან არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად და, რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალიან მაღალი იყო კოვიდპანდემიის ზეგავლენა ზოგადად განვითარების ყველა სფეროზე, არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროზე, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას, იყენებს თუ არა ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესებისთვის პანდემიას.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ნაკლებად არიან წარმოდგენილები სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები. თამარ გაბუნიას განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს უნიკალურობა და სიძლიერე არის იმაში, რომ იქ წარმოდგენილია ყველა სექტორის წარმომადგენელი და გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უმრავლესობაში ვართ სხვა სექტორებთან შედარებით, თუ ამას განვიხილავთ. როცა გადაწყვეტილებას შეეხება საქმე, ბუნებრივია, საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებას იღებს დაბალანსებული ანალიზის საფუძველზე ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეპიდემიური რისკები, შემდეგ აქვეა სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და ზოგადად ქვეყნის განვითარების საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, არის გარკვეულწილად კონსენსუსის შედეგი. რაც შეეხება კლინიცისტებისა და ექსპერტების მონაწილეობას, ექსპერტების რამდენიმე პანელი ფუნქციონირებს მთავრობის ადმინისტრაციის დონეზეც, ხშირად ხდება ამ ექსპერტებთან კონსულტაციების გავლა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონსულტაციები როგორც კლინიკურ ჯგუფთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციების მიღება და გაზიარება და შემდეგ ეს რეკომენდაციები მიიღება იქიდან გამომდინარე თუ რამდენად აღსრულებადია ჩვენს პირობებში და რა მოსალოდნელი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. შედეგის გააზრება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ასევე, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, რთულია იმის პროგნოზირება, როდის რომელი შტამი რა სახის ცვლილებას და რა სახის ქცევას გამოავლენს. ამდენად როდესაც ვსაუბრობთ ამ ტიპის შეზღუდვებზე, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის გათვალისწინება ვერ მოხდება, მაგრამ გადაწყვეტილებები არის კონსენსუსზე დამყარებული და დაბალანსებული,“- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება
შემდეგი სტატიაჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა (ექსკლუზივი)