გაბუნია – კორონავირუსით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საწოლფონდი თავისუფალი თბილისსა და აჭარაშია. თუმცა, გაბუნიას თქმითვე, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

„დღევანდელი მდგომარობით აქტიური შემთხვევა 46 872-ია, აქედან 5 679 პაციენტი, ანუ საერთო შემთხვევების 12% მკურნალობას ჰოსპიტალში იტარებს, 1 300 პაციენტი კი კოვიდსასტუმროებშია, დანარჩენი ბინაზე რჩება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჟანგბადი სჭირდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 1 300-ია, აქედან რეანიმაციაში 269 პაციენტია. ვაქცინაციის ე.წ. მარათონი ორშაბათიდან 50 შერჩეულ სოფელში დაიწყო, აქტიურობა არის რიგ სოფლებში, ზოგან – ნაკლები, ზოგან – მეტი, საბოლოო ჯამში, გუშინ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავაც დაბალი მაჩვენებლია და მთავარი პრიორიტეტი ახლა ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, სხვა ტალღებთან შედარებით, ახლა ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რასაც მინისტრის მოადგილე ვაქცინაციის ფონს უკავშირებს.

„ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 12-ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა, ეს გარკვეულწილად ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეა და ასევე შესაძლოა, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით, 9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში, პიკურ პერიოდში, მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე დღეს, თბილისში და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია
შემდეგი სტატია23 ოქტომბრიდან თბილისს დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 38 ავტობუსი მოემსახურება