გაბუნია – განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთაგან 1500-მდე საწოლი თავისუფალია.

როგორც თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფიგნზე აღნიშნა, განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს.

,,განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“, აქტიურია დაჯავშნა და „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა შეკითხვას შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებას, არსებული რეგულაციების აღსრულების გარეშე ეფექტი არ ექნება.

,,მთავარია, ახლა დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი იქნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტმა გუშინდელი მონაცემებით 70% დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის არიდება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, შრომის ინსპექციის სამსახურს ყოველდღე უხდება დააჯარიმოს მოქალაქეები და ბიზნესი იმის გამო, რომ ჩატარდა ქორწილი ან სხვა ღონისძიება, სადაც ბევრი ადამიანის თავშეყრა იყო, რაც გარდაუვლად იწვევს ეპიდემიის ხელშეწყობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – „სინოფარმის“ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია გუშინ არ გამოვლენილა
შემდეგი სტატიამაისიდან Wizz Air ფრენებს კიდევ ოთხი მიმართულებით აღადგენს