გაბუნია: ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ მითვალთვალებდნენ და ამის გამო დაცვა გავაძლიერე

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია თავის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, დაცვამ შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ და ამის გამო დაცვა გააძლიერა კიდეც.

მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ “მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა”.

“რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დაცვით გადავაადგილდებოდი. გვარამიამ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, მე თვითონ არ ვიცოდი, მაგრამ ზოგადად რომ ეს საფრთხე არსებობდა, ინფორმაცია მქონდა. აქამდეც მოდიოდა ხმები, რომ მაგალითად ფრთხილად იყავი, საზღვარგარეთ როცა მიდიხარ და ა.შ., მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ მქონდა”. – ამბობს გაბუნია.

დღეს, 15 ივნისს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანდო წყაროს ცნობით, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

მოგვიანებით, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, უკრაინელი სამართალდამცავებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა.

2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ “მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს” და რომ “გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს”, თორემ მისივე თქმით, “პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს”.

banner
წინა სტატიაშისუსი: ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ
შემდეგი სტატიავარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია