გაბუნია – არჩევნების ჩატარებისას პანდემიასთან დაკავშირებული „რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“

ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთვად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია – წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ეპიდემიის გავრცელების მკვებავი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ცესკო-სთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა არჩევნებში მონაწილე პირებში ვაქცინაცია აქტიური იყოს და ასევე, არსებობდეს რეკომენდაციების დაცვის გარანტია. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გარდა არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით არ გაუცია.

„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება – ერთი ის, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას, რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება; მეორე ის, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული. დღეს ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ამის იქით არჩევნებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია ამაზე დამატებით ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩევნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მხოლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები დაემატა.

„უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები გასულ წელსაც გვქონდა. წელს რამდენადმე შეიცვალა რეკომენდაციები იმგვარად, რომ დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ვალდებულება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრაში. ასევე დაემატა სავალდებულო ტესტირება ვაქცინაციაში მონაწილე პირებისთვის კვირაში ერთხელ. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები რაც აქამდე იყო, ბუნებრივია, უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია.

„წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს, ეს იყო მთავარი „ბუსტერი“ იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რისი კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ეს იყო ძირითადი „ბუსტერი“ და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. პოლიტიკური პროცესები რთულია და რისკი ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება და ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას საუდის არაბეთის მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დავამტკიცეთ, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება ვართ