გაბუნია – ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს ქმნის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში განსაკუთრებულ რისკებს კორონავირუსის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი ქმნის.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება.

„შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს რამდენადმე მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიზე, რაც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, 15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, როგორც გაბუნია აცხადებს, ტალღა ფიქსირდება მაშინ, როდესაც შემთხვევების მატება ძალიან მკვეთრია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა იმისთვის, რომ სწორედ მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენკას“ ვაქცინის გამოყენებას 30 წლამდე პირებში, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღის ბოლომდე, ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია სრულად ჩამოყალიბდება.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო – მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს
შემდეგი სტატიაკლინიკა „იმედის“ დირექტორი – პაციენტი მეგი ბაქრაძე კლინიკაში მარტო არ იყო