გაბუნია: 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ზედმიწევნით კარგად იყოს დაცული.

„შემთხვევების რაოდენობა იმატებს, დადებითობის ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი რჩება ოთხ პროცენტს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონიძიებების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. გაბუნია აცხადებს, რომ გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროება როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში.

„გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე რეანიმაციაში. რა თქმა უნდა, არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებშიც. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში. ბინებზეც ონლაინკლინიკები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ბინაზე მყოფი პაციენტების მეთვალყურეობა გაგრძელდეს“ , – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: პიკში შევალთ აპრილის ბოლოს
შემდეგი სტატიაJohnson & Johnson-მა ევროპაში ვაქცინის მიწოდება განაახლა