“გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი” – ბახტაძე ქობულიაზე

მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გაკეთებულ შეფასებას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიები არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ.

“მე მის გამონათქვამზე არაერთი კომენტარი გავაკეთე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, მართვაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე საზოგადოებას ამაზე ღიად ვესაუბრები. ბოლო კვარტლის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. თუ მთავრობის ბოლო სხდომას მიაქციეთ ყურადღება, სადაც მე კონკრეტული სტატისტიკა მოვიყვანე, ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი. თეორიებში ლაპარაკს სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიტანოს. მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც კორუფციაშია გარეული, ჩვენ და კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია ყველას მოგვცეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბატიაშვილი პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართულობას უარყოფს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს