დიდი შვიდეულის ლიდერებმა იტალიაში გამართულ სამიტზე არ განიხილეს პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, „რადგან ყველამ იცის, რომ ეს არ იყო სერიოზული“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
შვეიცარიაში გამგზავრებამდე, სადაც დღეს ორდღიანი სამშვიდობო სამიტი იხსნება უკრაინის “მშვიდობის ფორმულის” შესახებ, შოლცმა თქვა, რომ პუტინის გუშინდელი წინადადება უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებასა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა გლობალური სამშვიდობო სამიტიდან, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული.
„ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები არ არის სერიოზული, მაგრამ დაკავშირებულია შვეიცარიის სამშვიდობო სამიტთან“, – ამბობს გერმანიის კანცლერი.
შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ, 14 ივნისს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.