Freedom House საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს: არაფორმალური მმართველობა, დარღვევები არჩევნებზე, სასამართლო სისტემა…

Freedom House საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ანგარიშში მოხვდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომა.

„ასევე პრობლემად რჩება კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, რომელიც თან ახლავს სასამართლო პროცესებს. 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, თუმცა ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გადადგომა ზეწოლის ქვეშ მოხდა. ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან და არა პრეზიდენტის მიერ და შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სია წარადგინა, მაგრამ არასამთავრობოების ჯგუფმა განაცხადა, რომ გამოყენებული იყო გაუმჭვირვალე პროცესი და შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები იყვნენ შერჩეულნი. არასამთავროების ჯგუფმა პარლამენტს მოუწოდა კვალიფიკაციის უფრო ძლიერი წესები და გამჭვირვალე პროცედურები მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის, ვიდრე საბჭოს მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის განხილვას შეუდგება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ხდება ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა და დაკავებისთანავე ადვოკატთან წვდომაზე უარის თქმა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ დაკავების დროს დაკავებულებთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც პოლიციის ქცევას ზედამხედველობას გაუწევს.

დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა არჩევნების საკითხს და წერია, რომ პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ. საუბარია ასევე გავრცელებულ ცნობებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების უბნებთან სიებით მორიგეობის შესახებ, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს. ყურადღება გამახვილებულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხზეც.

ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე: “არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაში,”-წერია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია სიტყვის თავისუფლებასა და პლურალიზმზეც. მოყვანილია “რუსთავი 2”-ის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ.

ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეც, მაღალჩინოსნების შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უსაფრთხოებასთან და მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობა, შავი ზღვის უნივერსიტეტის თემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის
შემდეგი სტატიამკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – დაკავებულია 5 პირი