Freedom House: სამთავრებო ჯგუფები სოც.მედიაში ხალხზე გავლენისთვის დეზინფორმაციას ავრცელებს

Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს (100 ქულიდან 75 ქულა). საქართველოს შესახებ ანგარიშში Freedom House რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – სამთავრებო ე.წ. ტროლები და ბოტები, ოლიგარქის გავლენა პოლიტიკაზე, პოლიტიკური ინტერესის გავლენა კანონის უზენაესობაზე, მთავრობის მიერ რუსეთთან დაკავშირებული ანტიდასავლური სიახლეების გამავრცელებელი ორგანიზაციების დაფინანსება და სხვა.

“ტროლები, განსაკუთრებით, მთავრობასთან დაკავშირებული ბოტები და მომხმარებლები 2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას განსაკუთრებით გააქტიურდნენ.”

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მართალია, საქართველო რეგულარულ და კონკურენტუნარაინ არჩევნებს ატარებს და 2012-2013 წლებში მთავრობის ცვლილების დროს ქვეყნის დემოკრატიის ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა “თუმცა, გასულ წლებში პროგრესი შეჩერდა. ოლიგარქიულ აქტორებს ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით ჩერდება”.

Freedom House წერს, რომ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ მედიაში საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მოსახდენად დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, 2019 წლის ივნისის ანტისამთავრობო გამოსვლებზე ონლაინ აქტივისტები იტყობინებოდნენ, რომ ბოტების ანგარიშებით და დასპონსორებული პოსტებით ცდილობდნენ პროტესტისთვის ძირის გამოთხრას და პროსახელისუფლო ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ.

ანგარიშში მოხმობილია მედიის განვითარების ფონდის კვლევა, როდესაც ათეულობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიშები პროსახელისუფლო სასაუბრო თემებს და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების და სხვა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

ორგანიზაციას სხვადახვა კვლევა აქვს მოხმობილი. მაგალითად, საარჩევნო მონიტორინგის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი და ოპოზიცური პარტიები დეზინფორმაციის და ე.წ. ტროლინგის კამპანიას ეწეოდნენ. საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანონიმური Facebook გვერდები ორივე კანდიდატის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ამ გვერდების უმრავლესობა ფოკუსირებული იყო მთავრობის ნათელ მხარეს წარმოჩენასა და ოპონენტების დისკრედიტაციაზე.

Freedom House წერს, რომ გასულ წლებში იმ Facebook გვერდების რაოდენობა, რომლებიც ყალბ ინფორმაციას და ულტრამემარჯვენე იდეებს ავრცელებენ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასევე გაზრდილია მათი აუდიტორიაც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2017 წლის უკანასკნელი მონაცემებით, 2014 წლიდან ონლაინ რეკლამის ბაზარი ორჯერ გაიზარდა. რეკლამები, მეტწილად, სოციალურ მედია პლატფორმებზე თავსდება, სადაც ქართველ მომხმარებელთა უმეტესობა მათი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.

“მთავრობა განაგრძობს არაერთი ორგანიზაციის დაფინანსებას, რომლებიც მიკერძოებულ სიახლეებს ავრცელებენ. ზოგიერთს რუსეთთან კავშირი აქვს და ანტიდასავლური დღის წესრიგი აქვს,” – წერს Freedom House.

საქართველოზე Freedom House-ის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი: ბოლო ჟამის ეკლესია ასეთი იქნება, ეს რეალობაა და არა ფილმი
შემდეგი სტატიათურქეთში საქართველოს ელჩი გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალის ფოტოებს ავრცელებს