Freedom House – სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან

სასამართლო სისტემა დიდ ხანია საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის „აქილევსის ქუსლია“, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ.

როგორც ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის შესახებ თავში არის ნათქვამი, „მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, სასამართლო სისტემა კვლავ განიცდის საზოგადოების მხრიდან უნდობლობას და პოლარიზაციის მაღალ დონეს“.

“სასამართლოს დამოუკიდებლობამ განიცადა უკუსვლა 2017 წელს, რაც იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო დაკავებისა და ექსტრადირებასთან დაკავშირებული არარეგულარული პროცესებისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ პოლიტიკური გავლენით მიღებული სასამართლო განაჩენების მცირე, თუმცა მზარდი რიცხვის შედეგი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს მთავრობამ სასამართლო რეფორმების მესამე ტალღა დაიწყო.

“თებერვალში შეიცვალა კანონი საერთო სასამართლოების შესახებ და დანერგა საქმეების ავტომატური განაწილების ახალი სისტემა. თუმცა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მათი პალატის წევრების მიერ. რეფორმის გაგრძელების საჭიროების შესახებ განაცხადეს, როგორც ადგილობრივმა უფლებადამცველებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მრავალჯერ მოუწოდა, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი. მარტში ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა პირდაპირ ახსენა საქართველოში „დამოუკიდებელი სასამართლოსა“ და „პოლიტიზებული სასამართლოს ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილების“ მნიშვნელობა“, – წერია Freedom House-ის ანგარიშში.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამია, ადგილობრივი უფლებადამცველები ჩვეულებრივ გაცილებით თამამები არიან კრიტიკაში.

„საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ USAID-ის მხარდაჭერით მარტში გამოაქვეყნა ანგარიში სასამართლო რეფორმების შესახებ, რითაც აჩვენა 2012 წლის შემდეგ ღრმა ცვლილებების არარსებობა.

ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობაში პოზიტიური ფორმალური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განიცდის პოლიტიკური ნების ნაკლებობას იმისთვის, რომ მოახდინოს სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოს მისი დამოუკიდებელი და პროფესიონალური ფუნქციონირება. ანგარიშის მიხედვით, „მოსამართლეების გავლენიან ჯგუფსა“ და „მმართველო პოლიტიკურ ძალას“ შორის არსებული ურთიერთკავშირის გაგრძელებამ გააძლიერა ქრონიზმის პრაქტიკა და სასამართლო რეფორმების თანმიმდევრულობა დაარღვია. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 2014-2016 წლების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ, აჩვენებს, რომ სასამართლოს სფეროში რეფორმების უმრავლესობა მხოლოდ ნაწილობრივ არის განხორციელებულია. ქართული საზოგადოება სასამართლოსადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას იზიარებს. 2017 წლის კვლევის თანახმად, სასამართლოები და გენერალური პროკურატურა რჩებიან ქვეყანაში ყველაზე ნაკლები ნდობის მქონე ინსტიტუტებად, მათთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება რესპონდენტების მხოლოდ 13 პროცენტმა გამოხატა“, – წერია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძირითადად უარი თქვა.ე.წ.სამართლიანობის აღდგენის ე.წ. პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავდა კორუფციისა და სხვა დანაშაულებისთვის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებასა და გასამართლებას. თუმცა ხელისუფლება კვლავ ცდილობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას.

„სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან „სამართლიანობის აღდგენის“ პოლიტიკას, კერძოდ კი საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზაციის კუთხით. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა სამართლიანი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ „შერჩევითი სამართლისა“ და „პოლიტიკური ვენდეტის“ წარმოებისთვის“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე. პუბლიკაციაში მოყვანილია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშის ნაწილი, რომელშიც უფლებადამცველები მუხთარლის საქმეში ქართული უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მუხტარლის გატაცება და არალეგალური დეპორტაცია არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.

„რადგან მუხთარლი აზერბაიჯანის მმართველი ალიევების ოჯახის აქტივებს იძიებდა, საქართველოში მისი საქმიანობა ქართული ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რის გამოც, ჩნდება ვარაუდი, რომ მისი სასამართლოს გარეშე დაკავება წარმოადგენდა ქართული უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის პოლიტიკურ საჩუქარს“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

Freedom House საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ „ყველაზე სადავო სასამართლო საქმეს“ უწოდებს.

„გადაწყვეტილება ბევრის მიერ აღქმული იყო, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე ერთადერთი კრიტიკული ტელეარხის გაჩუმების მცდელობა. თუმცა, მოულოდნელად ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაურკვეველი ვადით შეჩერების განკარგულება გასცა“, – წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა Philip Morris-ისა და British American Tobacco-ს, ასევე ბექა წიქარიშავილის საქმეები.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი – ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი- რუსეთო, მოემზადე!