(foto) “ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა”-ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონის წერილი

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონემ ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ, რომელიც გუშინ გარდაცვლილი ნახეს, წერილი დატოვა, რომელსაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აქვეყნებს:

„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც სავარაუდოდ, ოჯახი დღეს გამოაქვეყნებს.

ამასთან, წერილში ზაზა ართმელაძე მისი ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაშიც მომხდარის შემდეგ აღმოჩნდა.

„საქმის ვითარება სამწუხაროდ ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი, პროკურატურა მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ამასთან ერთად, მეორე ბანკის სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორსმაჟორის დაურღვეველ ძალას და ყველაფერი, თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები, შემინდოს თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე“, – წერს ართმელაძე და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ემშვიდობება.

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ დაღუპული ბავშვების მშობლები ეჭვობენ, რომ ართმელაძე აიძულეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ისინი ამის შესახებ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძე გუშინ იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან თავი ჩამოიხრჩო.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს მოხდა – ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. ართმელაძე ამ ფაქტის გამო დაკავებული იყო და გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიმაქვს წერილობითი მტკიცებულება რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინება სურს – ედიშერ ქარჩავა
შემდეგი სტატიაშსს-ს განცხადება