23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებზე გაყიდვის გეგმა გააუქმა

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) უარი თქვა გეგმაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გააკეთა.

„ყველა მოსაზრების ყურადღებით მოსმენის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ პროექტმა გამოიწვია უთანხმოება, რომელიც, მხარდაჭერის დონის მიუხედავად, აღარ ემსახურება თავდაპირველი მიზნის ინტერესებს“, — განაცხადა ინფანტინომ.

ივლისის ბოლოს ჯანი ინფანტინომ ახალი სტრუქტურის — FIFA Forward Enterprise-ის შექმნა დააანონსა, რომელსაც ორგანიზაციის მთავარი ტურნირების კომერციული და ოპერაციული მართვა უნდა გადაბარებოდა. გეგმის მიხედვით, ამ კომპანიის 20%-იანი წილი კერძო ინვესტორებისთვის უნდა მიეყიდათ.

პოტენციურ მყიდველებს შორის მოიაზრებოდა ინვესტორი ჯოშუა კუშნერის კომპანია Thrive Eternal (ჯოშუა კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმაა).

აღნიშნულმა ინიციატივამ საფეხბურთო სამყაროში დიდი უკმაყოფილება და ეროვნული ფედერაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. პროექტს ღიად დაუპირისპირდა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (UEFA) და განაცხადა, რომ FIFA-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებდა, თუ ორგანიზაცია ამ გეგმაზე უარს არ იტყოდა. სწორედ ამ კრიტიკის ფონზე მიიღო ფიფამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშითსსუ-ის რექტორი: არ მგონია, ვინმემ თქვას, რომ ეს უსამართლოა — ასეა მთელ მსოფლიოში
შემდეგი სტატიააშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი ხდება — ახალი წესი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება