Facebook-ზე უნებართვოდ შეღწევა და თანხის დაუფლება – დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების Facebook-გვერდზე უნებართვო შეღწევისა და თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს შვიდი
მოქალაქის Facebook-გვერდზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ, როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშზე სხვადასხვა ოდენობის თანხა მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. დანაშაული 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

რაც შეეხება 6 ბრალდებულიდან ერთ-ერთს, პროკურატურის ინფორმაციით, ის სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშისტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ გერმანელებს სახლებს მთავრობა აუშენებს
შემდეგი სტატიაცენტრალურ ჩინეთში ძლიერი წვიმების შემდეგ მასშტაბური წყალდიდობები დაიწყო