ეზუგბაია – ყველა მოქალაქეს, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აცრიდან ათი კვირა უსრულდება, ვაქცინაცია ჩაუტარდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ გვქონდა ოთხი კაბინეტი, გამტარუნარიანობა კი თითოეულ ბრიგადაზე იყო ძალიან მაღალი, 80-დან 100 პირამდე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ვაქცინაციის პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამტარუნარიანობის მეტად გაზრდისთვის აუცილებელია, რომ სამუშაო საათები გიზარდოს.

„იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, საჭირო, აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმებას, საკითხის ირგვლივ საუბრისას ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც პირველი ვაქცინაციიდან ათი კვირა უსრულდება, აცრა ჩაუტარდება. მისივე თქმით, ამისთვის ქსელში ვაქცინების მარაგი არსებობს.

„ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ. აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვმუშაობთ მოლებთან, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები