“შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხზე საია-ს სარჩელის დაჩქარებულ ვადებში განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს”

პირადად მე შეზღუდვებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ ვაყენებ, რადგან საია კითხვის ნიშნებს ხედავს, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს და ისინი არსებულ პროცედურებს უნდა დაელოდონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საია-ს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოუწოდა, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხი.

„ყველას მოვუწოდებ, როდესაც რაიმე კითხვები უჩნდებათ, სამართლებრივ გზას მიმართონ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ პოლიტიკურ განცხადებას ვისმენთ ხოლმე. საია ამ კუთხით მისაბაძი მაგალითია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მე საკონსტიტუციო სასმართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრები, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ხელისუფლებისგან გამიჯნულია. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ყველას მოვუწოდებ, ყველა ასეთ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ გზას მიმართონ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი განხილვის ვადები აქვს. დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ვადების დაცვით მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სარჩელის დაჩქარებულ ვადებში განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„მე პირადად საჭიროებას ვერ ვხედავ და შეზღუდვებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ ვაყენებ. ვინაიდან საია ხედავს აქ კითხვის ნიშნებს, მათ მიმართეს და ისინი იმ პროცედურებს უნდა დაელოდონ, რომელიც არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – თუ ოპონენტები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ, მაგრამ დაფინანსებას ითხოვენ, ეს პოლიტიკურად ამორალური საქციელია
შემდეგი სტატიახელი მოეწერა 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის