exhibitions.gnta.ge ახალი პლატფორმა ტურისტული სექტორისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინ პორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეგისტრაციაში დაეხმარება. ონლაინ პორტალი დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც გამოავლენს მონაწილეებს სამართლიანი და გამჭვირვალე გზით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში დარეგისტრირებულია 5000-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მათთან ყოველი წლის ბოლოს იგზავნებოდა შემდეგი წლის გამოფენების ჩამონათვალი. კერძო სექტორის წარმომადგენლები აფიქსირებდნენ მზაობას მათთვის მნიშვნელოვან გამოფენებში მონაწილეობაზე და რეგისტრირდებოდნენ ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილის წარდგენით. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ გამოფენაზე საქართველოსთვის განკუთვნილ სივრცეში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მსურველთა რაოდენობის დაყვანა ხდება არსებული ადგილების რაოდენობამდე, რაც დაკავშირებული იყო კენჭისყრის პრინციპზე, რის შედეგად ხდებოდა კომპანიების შერჩევა. საერთაშორისო გამოფენების ონლაინ პორტალი პროცესს გააციფრულებს და კერძო სექტორს რეგისტრაცია გაუმარტივდება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს თანადაფინანსების მექანიზმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველი საქართველოს რეზიდენტი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის.
ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ეხმარება ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე წარადგინონ სერვისი და პროდუქცია, დაამყარონ ახალი კონტაქტები, რაც დადებითად აისახება ვიზიტორთა ნაკადის ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს