ხობის მუნიციპალიტეტში, აკაკი შანიძის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე მეტრში, მჭიდრო დასახლების შუაგულში, ბეტონის ქარხანას აშენებენ. მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, სამშენებლო სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
„თაიმერს“ შანიძის ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს, მათვე მოგვაწოდეს ფოტომასალა ადგილიდან, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეზობლებმა გ. ქ-ს ვუთხარით რომ არ გაეკეთებინა ეს დასახლებულ პუნქტში, რკინიგზის სადგურიც იქვეა, თან ბეტონის ქარხნისთვის ეს მიწა არასაკმარისია. ჩვენ კი ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ხალხს ეშინია, რადგან ის კაცი მარტივად წყვეტს ადამიანის მოკვლას, ყველასთვის ცნობილია რისთვისაც იხდის ახლა სასჯელს. როცა ვუთხარით, რომ ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა ბეტონის წარმოება, გვიპასუხა, რომ მისი საქმე მან უკეთ იცის და უკანონოდ არაფერს აკეთებს. ერთხელ გვქონდა მცდელობა, რომ საქმეში ჟურნალისტები ჩაგვერთო, როცა გაიგეს, რომ ტელევიზიიდან აპირებდნენ მოსვლას, ტერიტორია სასწრაფოდ მოასუფთავეს, ვიფიქრეთ, რომ მშენებლობას შეწყვეტდნენ, მაშინ ძირითადი სამუშაოები დაწყებული არც იყო. თურმე, მერიაში უთქვამთ ჟურნალისტებისთვის, რომ „კერძო ტერიტორიაა და სახლი შენდება“-ო, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა ადგილზე მოსვლა გადაიფიქრეს. ახლა კი, გვინდა თქვენი მედიასაშუალებით ხმა მივაწვდინოთ შესაბამის ორგანოებს, რომ ამ უკანონობას ბოლო მოეღოს“, – ამბობს „თაიმერთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

„მსგავსი ქმედება დაუშვებელია, ასეთი დაწესებულება მოსახლეობისგან მინიმუმ 5 კილომეტრით მაინც ხომ უნდა იყოს დაშორებული?! რაღაც დაფა გააკრეს, რომელიც იმდენად მაღლაა დამონტაჟებული ადამიანი ვერც წაიკითხავს. ამბობენ, რომ ვიღაც სენაკელი კაცია დამკვეთი და გ. ქ. უბრალოდ აშენებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორი ინფორმაციაა, მაგრამ დამკვეთს უთქვამს, რომ მოსახლეობასთან და მერიასთან მას უნდა „მოეგვარებინა”.
რაც შეეხება ადგილობრივ მერიას, შესაბამის სამსახურს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვს. რამდენიმე მეზობელი შევკრიბე და მივედით მერიაში, სადაც გვითხრეს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება და ისინი ამის წინააღმდეგნი არ არიან, რადგანაც „ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, არაკანონიერს არაფერს აკეთებენ, მტვერმა და ხმაურმა თუ შეგაწუხათ მერე გარემოს დაცვას მიმართეთ, ეს ქარხანა კი, იქ, აუცილებლად უნდა აშენდეს, რა არის აქ სანერვიულო“-ო. ჩვენ ვიცით რომ ეს პროექტი დამახინჯებულია და სპეციალისტებმა არ იციან?! გუშინ ვიმყოფებოდით მერიაში შეხვედრაზე, სადაც წავიყვანეთ ადამიანი, რომელიც ერკვეოდა ამ საქმეში და როცა არგუმენტირებულად ვუთხარით რატომ იყო დაუშვებელი იმ ტერიტორიაზე მოსახლეობის თვალწინ ამ წარმოების მშენებლობა, პასუხი ვერ გაგვცეს. ჩვენ მერიაში დაახლოებით ერთი კვირის წინ განცხადებაც შევიტანეთ, რომელსაც ყველა მოსახლე ვაწერთ ხელს. საბოლოო ჯამში, უკვე მივხვდით, რომ შეკრულები არიან და მერია ვერაფერში დაგვეხმარება, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ ამ წარმოების ჩვენი სახლების მახლობლად აშენებას“, – ამბობენ შანიძის ქუჩის მცხოვრებლები.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც გუშინ აკაკი შანიძის ქუჩის მოსახლეობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე იმყოფებოდა, ადგილზე, სადაც, ბეტონის ქარხნის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს, რომლებმაც მოსახლეობას არაოფიციალურად განუცხადეს, რომ გარემო-ფაქტორებიდან გამომდინარე, ასეთ მჭიდრო დასახლებაში ადგილობრივ მერიას ბეტონის ქარხნის მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაეცა.
ბერდია კალანდია


















