ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა დაიწყო. სტრასბურგმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლოს ასობით მტკიცებულება წარუდგინა, რაც საქმის წარმოების დაწყების საფუძველი გახდა და საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსიც მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ საქმე, სავარაუდოდ, პრიორიტეტულია და დაჩქარებული წესით განიხილება.
საქმის სტრასბურგში განხილვის დაწყების შემდეგ, საიას მიმართ კრიტიკა გააქტიურდა. იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ამ საქმეში მოპასუხე მხარეა, ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საიაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამის დასადასტურებლად გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, როდის და რა შინაარსით იქნა შეტანილი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში.
საიას ინფორმაციით, არსებობს ასობით მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ არჩევნების დროს ბიულეტინებიდან მელნის გაჟონვამ ხმის ფარულობის დარღვევა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, საქართველოს სასამართლოებმა ეს მტკიცებულებები არ გაიზიარეს. გამონაკლისი იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომელმაც დარღვევა დაადასტურა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.














