ევროსასამართლომ 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე განჩინება გამოაქვეყნა

გუშინ, 18 ნოემბერს ევროსასამართლომ 2008 წლის რუსეთთან ომში დაზარალებულთა საქმეებზე გამოაქვეყნა განჩინება „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.

რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ“ (მაშინდელმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“) სტარსბურგში 400-ზე მეტი პირის განაცხადი 2009 წელს გააგზავნა.

ევროსასამართლო 18 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც 59 განმცხადებელთან მიმართებაში იქნა გამოტანილი, მიუთითებს რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.

„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის თქმით „ევროსასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ განმცხადებელებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, „უფლებები საქართველოს“ კიდევ ერთხელ მოუწევს დიდი ძალისხმევის გაწევა. კერძოდ, უნდა განახლდეს მონაცემები განმცხადებელების შესახებ, შეგროვდეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დარღვეული ევროკონვენციის მუხლები“.

„უფლებები საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლების საქმეებზე მუშაობის გაგრძელების მიზნით, დაიწყოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ქმედებების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია – ლორა თორნტონი
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა