ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ სტრასბურგში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
“მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში – როგორც ციხეში მყოფებს, ისე მათ, ვინც ციხის გარეთ იბრძვის. აქ ვარ იმისთვისაც, რომ მოვითხოვო ელენე ხოშტარიას გათავისუფლება. მისი პატიმრობა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად და რომელიც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, პოლიტპატიმრების ადგილი არ არის. ელენე ძლიერი ქალია, ძლიერი ლიდერია, გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი. ელენე, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ” [TV პირველის თარგმანი],-განაცხადა ალდეს პრეზიდენტმა ლულიან ბულაიმ.
“მსურს, მოვითხოვო ელენეს გათავისუფლება, მას სამედიცინო დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. ის ოთხი შვილის დედაა, ძლიერი და დემოკრატიული ლიდერია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მას თავისუფლება დაუბრუნოს. ის ამას იმსახურებს და ქვეყანაც იმსახურებს მას”– თქვა რაიან ვოგელსმა.
“ჩვენ აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვართ, მაგრამ ამ საკითხში სრულიად ერთიანები ვართ: საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, მშვენიერი ხალხით, რომელიც იმსახურებს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას. როდესაც ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო აპატიმრებთ, არასწორ გზას ადგახართ და ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ გვსურს, კვლავ გაშლილი ხელებით მივესალმოთ ქართველ დელეგატებს ევროპის საბჭოში, რათა მათ თავიანთი კანონიერი ადგილი დაიკავონ, მაგრამ ამისთვის არსებული მდგომარეობა უნდა შეიცვალოს”-თქვა ბრიტანელმა დეპუტატმა.
“მე ვარ ბელარუსიდან, ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი. 2020 წელს დამაპატიმრეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. ჩემი გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის მიმართ გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგი იყო. ამიტომ ვიცი, როდესაც გისოსებს მიღმა ხარ, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ვიღაც შენთვის იბრძვის; იცოდე, რომ მარტო არ ხარ. იქ ყოველდღე გეუბნებიან, თითქოს არავის ახსოვხარ, არავის სჭირდები და უნდა მოკვდე — განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს. საქართველოს ციხეში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიყავი ბელარუსის ციხეში და ვფიქრობ, რომ თითქმის ერთნაირი პირობები გვაქვს. ევროპაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ უნდა გვყავდეს, ეს აბსოლუტური ანომალიაა”,-თქვა ბელარუსმა ჟურნალისტმა.
“სწორედ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურება იყო ის, რომ ლუკაშენკოს მოუწია მისი გამოშვება ციხიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას 8 წელი ჰქონდა მისჯილი. ამიტომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება, ეს საერთაშორისო წნეხი, რეჟიმის იზოლაცია, მათი არაღიარება, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას რუსეთის მარწუხებისგან და მის დაბრუნებასა ევროპის საბჭოს დარბაზში და ყველა პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფას მოახდენს როგორც ღირსეული წევრი დასავლური ცივილიზაციის, ევროკავშირის, ნატოსი”- თქვა თინა ბოკუჩავამ.














