ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭქვეშ დააყენა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება, – ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რვაპუნქტიან დოკუმენტში ჩაწერილი მითითებების შესასრულებლად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ვადა 2019 წლის ივნისამდე მისცა.

“ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა დაადგინოს კავშირი მასზე განხორციელებული უკანონო ზეწოლისა და მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის. ეს ნიშნავს იმას, როცა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და მასზე ზეწოლის განხორციელება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენდა მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. მის მიმართ იყო ასეთი ტიპის მუქარა, თუკი, ის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და არ მისცემდა რაღაც ინფორმაციას საქართველოა მესამე პრეზიდენტზე და ზურაბ ჟვანიას საქმეზე, ის ძალიან დიდი ხანი იქნებოდა ციხეში.

ასევე, ევროსაბჭოს მონისტრთა კომიტეტმა დაავალა სახელმწიფოს უზრუნველყოს გამოძიების ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა საქმეში მონაწილე ნებისმიერი პირისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ უნდა ჩატარდეს და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც აქამდე მონაწილეობდნენ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასა და ზემოქმედების განხორციელებაში.

ასევე, პირდაპირ მიუთითა, რომ გამოძიების ფარგლები უნდა მოიცავდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ყველაფრისთვის ევროსაბჭოს კომიტეტმა ჩვენს ხელისუფლებას 6 თვიანი ვადა განუსაზღვრა”, – აცხადებს ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილი შეჯამებულ სასჯელს იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში იწურება, რაც რიგი სასჯელების შედეგია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც კავშირში არ არის აღნიშნულ საქმესთან. კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალი გამოძიება დაიწყო მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოძიება ისე, რომ ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყოს, შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მათი მიცემა; საკმარისად ფართო იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა მოვლენებს რამე სახის ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე და ეს გამოძიება სათანადოდ და სწრაფად დასრულდეს. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო”
შემდეგი სტატიამთავრობამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში – მესამე სექტორის წევრები ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურებიან