ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს – „კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე განიხილავენ

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე დღეს განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს საქართველოს დელეგაციას აქვს სრული მხარდაჭერა წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ისინი გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარს უჭერენ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას.

სხდომაზე გაკეთდება ევროკავშირისა და სუამ-ის სახელით განცხადებები.

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რაც ჩვენი მხრიდან განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ბატონი დავით ზალკალიანი ასევე ისაუბრებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ მიმდინარე საკითხებზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური პარლამენტს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს
შემდეგი სტატია109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს