“ევროპულმა საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ისევ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ისევ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევის დროს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თავისი სახე, დემოკრატიული პროცედურებისა და ოპოზიციის განსხვავებული აზრის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოავლინა.

“ამ შემთხვევაში, უმცირესობას კანონით განსაზღვრული საკუთარი კვოტა აქვს და სავალდებულოა, რომ უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ. ჩვენ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა შევარჩიეთ, რომელმაც საკონკურსო კომისიაში, განსხვავებული დამოკიდებულებების მიუხედავად, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. მან თავისი პროფესიონალიზმის მიხედვით ძალიან მაღალი ქულა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნინია კაკაბაძე წინა და მოქმედი ხელისუფლებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანია, ჩვენ მის კანდიდატურაზე შევჩერდით, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალ ადამიანზე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციის კანდიდატურა ჩააგდოს, ანუ კვოტას პატივი არ სცეს. საუბარია დემოკრატიულ პროცედურაზე, რომ ოპოზიციას სამეურვეო საბჭოში წარმომადგენელი ჰყავდეს”, – აცხადებს ხოშტარია.

დეპუტატი მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

“გარდა იმისა, რომ კანდიდატურა ჩააგდეს, მათი განცხადებები მოვისმინეთ, რომ მხარი მათი კანდიდატისთვის უმცირესობასაც უნდა დაეჭირა, რის შემდეგაც ჩვენს კანდიდატსაც მისცსმედნენ ხმას. კანონში არანაირ პირობებზე საუბარი არ არის, რომ უმცირესობამ უმრავლესობის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს. შათირიშვილის პრორუსულ და მავნებლურ პოზიციებს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერდით. ხელისუფლებას არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ უმცირესობა მათთვის სასურველ კანდიდატს წარმოადგენს და მათთვის სასურველი კანდიდატურის ძებნას დავიწყებთ. პრინციპულად, კიდევ ერთხელ, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას ვაყენებთ და ხელისუფლებას შანსს ვაძლევთ, ამჯერად მაინც დაფიქრდეს, არ იჯიუტოს ოპოზიციასთან და ჩვენი კვოტა ვაკანტური აღარ დატოვოს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელზე თეა წულუკიანი განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია- საია