„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს

„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმააღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

„მოგეხსენებათ, გუშინ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, როცა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ხომალდებს და ტყვედ აიყვანა უკრაინის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.

„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში საგარეო კომიტეტმა და შემდეგ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რათა შეფასება მისცეს აგრესიის ამ ფაქტს. „ევროპულმა საქართველომ“ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღესვე შევიტანთ პარლამენტის შესაბამისს დეპარტამენტში და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს და სწრაფად შეაფასოს აგრესიის ეს აქტი“,- განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, მისივე თქმით, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის გამო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.

საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას, რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტობრივად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი გააკეთა.

იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო (ვიდრე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი : საქართველო უკრაინის გვერდით არის
შემდეგი სტატია“ორივე მხარე აცხადებს კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებასა და არმაგედონს…”- პრეზიდენტი წინასაარჩევნო ვითარებაზე