“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაქრაძის თქმით „ევროპულმა საქართველომ“ პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რომელსაც კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, თუ რა სურს ხალხს. ბაქრაძემ კომენტარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელზეც მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას მაინც მიაღწია და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადადო. ბაქრაძის თქმით საკონსტიტუციო თვალსაზრისით ქვეყანა ჩიხშია და ეს ცვლილებები ვერ გახდება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი:

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადატანილია 8 წლით, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ საკონსტიტუციო თვალსაზრისით შექმნილია ჩიხი. ჩიხს ვეძახი მდგომარეობას, როდესაც არ არსებობს არანაერი კონსესუსის და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. ვენეციის კომისია არაერთხელ აღნიშნავს დასკვნაში, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას მთავარი არის პოლიტიკური კონსესუსი, პოლიტიკური მოთამაშეების და საზოგადოების თანხმობა. დღეის მდგომარეობით ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს კი მთელი პოლიტიკური სპექტრი, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, საზოგადოება და თვით ქართულ ოცნებაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები ვერ გახდება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი, სტაბილირობას კი ვერ უზრუნველოფს დოკუმენტი რომელიც ერთი პარტიის მიღებულია. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ვკითხოთ ხალხს. ჩვენ პლებისციტის მოთხოვნით ვაგროვებდით ხელმოწერებს, „ევროპულმა საქართველომ“ 150 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვა, ძალიან შეზღუდულ დროში. ამ ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ მას არ უნდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და სურს პრეზიდენტი აირჩიოს გინდაც ხმოსმებმა, გინდაც მგოსნებმა და გინდაც მგალობლებმა, მხარს დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ამის წინააღმდეგი ვარ. როდესაც პოლიტიკური პარტიები ვერ თანხმდებიან, უნდა კითხონ ხალხს, ხალხის აზრი კი ეს არის პლებისციტი. ამ ხელმოწერებს იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან პლებისციტის მოთხოვნას ეს არ სჭირდება, მაგრამ ეს არის მძლავრი პოლიტიკური განაცხადი“- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც დაინიშნება – უმრავლესობა
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები უმცირესობას ხვდებიან