„ევროპულმა საქართველომ“ 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმა

„ევროპულმა საქართველომ“ ხვალისთვის, 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმა. პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

აქციაზე, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, დაგეგმილი იყო მარში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე. პარტიაში აცხადებენ, რომ აქციაზე რეგიონებიდან ათასობით ადამიანს ელოდებოდნენ.

„ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება – ქვეყნისა და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, იზოლირება და კარანტინი გაზაფხულზე, მაშინ როდესაც დღეში გვქონდა 24-25 შემთხვევა და დღეს, როდესაც დადგა მეორე ტალღა, დღეში 800-900 შემთხვევა გვაქვს, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია. ყველა ვხვდებით ვირუსის მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკით და მოუმზადებელი ჯანდაცვით. ასეთ პირობებში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია სრულიად განსხვავებული იყო თავისი ფორმითა და ფორმატით. ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის ერთად თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და იქნებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება და ადამიანების იზოლირების ზომების დაცვა. ამიტომ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა პარტიამ, გადავდეთ აქცია. პირველი ნოემბრის მერეც ვიზრუნებთ ხალხზე. ჩვენი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყანას და არჩევნებზე ყველა ერთად მივიდეთ, სადაც ყველა ერთად უარს ვეტყვით „ქართულ ოცნებას“ და მოვიტანთ ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არ იქნება მარტივი, მაგრამ როგორც გავუმკლავდით ერთად ვირუსის პირველ ტალღას, ასე უნდა გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე – ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გაყიდა დავით გარეჯი ახლა უკვე შეტევაზე გადადის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ