ევროპული საქართველოს პროტესტის პასუხად თალაკვაძემ სხდომა შეწყვიტა

პარლამენტში პლენარული სხდომა შეწყდა. ელენე ხოშტარია რამდენიმე აქტივისტთან ერთად სხდომაზე სტვენით შევიდა და დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები გააპროტესტა. პროტესტის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრებმა სხდომა დატოვეს.

არჩილ თალაკვაძემ პროსტესტის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილა. ვინაიდან ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ, რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად თალაკვაძემ მათი გაძევება მანდატურებს სთხოვა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. თუმცა, პროტესტის მონაწილეებმა სხდომა თავად დატოვეს.

“ბუნებრივია, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე პროტესტი, ყველა დონეზე. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი. მოუწევთ ამასთან შეგუება. ამ პროტესტის ლოგიკური დასასრული არის მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება”,- თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, სხდომის დატოვების შემდეგ.

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილება.”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და მას არ დასწრებია.

სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ივანიშვილი მეტ პატივს სცემს ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს
შემდეგი სტატიაგავრილოვი: საქართველოს ახალ პრემიერს რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლის გამბედაობა ეყოფა