„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადება

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც პარტიის ლიდერები მცირე მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საქმიან წრეებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სოფელსა და ქალაქში პირადად აცნობენ.
“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა.
პროგრამა გულისხმობს შემდეგ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს:
1. ბენზინზე, დიზელსა და ბუნებრივ აირზე აქციზის განახევრებას;
2. 100,000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესის მთლიანად გათავისუფლებას გადასახადებისგან;
3. დღგ-ს გადახდის ქვედა ზღვარის გაორმაგებას და მის გაზრდას 200,000 ლარამდე;
4. ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაციას;
5. საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივ შემცირებას (2018 წლიდან – 15%-მდე, 2019 წლიდან – 12.5%-მდე, 2020 წლიდან – 10%-მდე);
6. განაწილებული მოგების გადასახადის შემცირებას 10%-მდე;
7. უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმებას;
8. საფოსტო გზავნილების დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდას 500 ლარამდე;
9. იმპორტის გადასახადის გაუქმებას;
10. საპროცენტო სარგებელზე გადასახადის გაუქმებას;

,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონს, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს.
10 აპრილს, პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო ბიზნესის წარმომადგენლებს ელიავას ბაზრობაზე, სადაც მან დეტალურად აუხსნა მცირე მეწარმეებს, რა სარგებელს მოუტანს მათ აღნიშნული ინიციატივების მიღება.
სამწუხაროა, რომ ელიავას ბაზრობის დირექციათა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მსჯელობა ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების შესახებ, ისევე როგორც ამ ადამიანების მხრიდან კონსტიტუციით გარანტირებული მათი ელემენტარული პოლიტიკური უფლების გამოყენება. ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები ნამდვილად არ წარმოადგენენ არც ბაზრობის დირექციების და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ კუთვნილებას, ისინი არიან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები და მათთვის „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის გაცნობა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში მეტი შეღავათი იგრძნონ გადასახადების შემცირების და უკეთესი ბიზნეს-გარემოს შექმნის გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ელიავას ბაზრობის დირექციების ნაწილის დღევანდელ განცხადებას კავშირი არ აქვს მცირე მეწარმეების ინტერესთან. გვიჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით იქნა გავრცელებული. მით უმეტეს, რომ სრული ტყუილია მათი განცხადების ის ნაწილი, თითქოს პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ელიავას ბაზრობის გადატანის და საპროტესტო აქციების საკითხზე ისაუბრეს. ეს საკითხი საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა და ამის მოწმეა თითოეული ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას.
სამწუხაროა, რომ ელიავას ბაზრობის დირექციათა ნაწილი დაკავებულია ამ ტიპის ტყუილების გავრცელებით, ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვიმსჯელოთ მათ ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნის და მათი ბიზნესის განვითარების შესახებ. „ევროპული საქართველო“ მზად არის სწორედ ასეთი საქმიანი, საგნობრივი და შინაარსიანი მსჯელობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ შეხვედრებს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით და მოვუწოდებთ თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს, მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს“ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომლითაც შვებას მოვუტანთ ათიათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში და რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი მთავარი პრობლემის, უმუშევრობისა და სიღარიბის დასამარცხებლად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს