“ევროპული საქართველოს” მხარდამჭერზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც ერთი წელია, გამოუძიებელია – ბოკერია შს მინისტრს მიმართავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიგა ბოკერია შს მინისტრს არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესწავლის და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. პარლამენტში, სადაც გიორგი გახარიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრა, გიგა ბოკერიამ მინისტრს სადამკვირვებლო მისიის მძიმე დასკვნა შეახსენა.

გიგა ბოკერიამ მინისტრს წარუდგინა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტის აუდიოჩანაწერის ტრანსკრიპტი, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოპოზიციის მხარდამჭერს.

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს დაჭერით ემუქრებოდნენ.

„დასაჭერი ხალხის სიაზე მელაპარაკნენ, რომ იცოდე, შენც მანდ ხარ, სოფლის მაჟორიტარები, ერთი-ორი შენი აქტივისტი, შენთან იმიტომ, მოვედი, რომ დროზე აზრზე მოხვიდე და ბავშვები უპატრონოდ არ დატოვო, ნუ გეშინია, ჩვენთან თუ გადმოხვალ, ბიჭო, ყოველდღე კარგ ამბავში ვიქნებით, ჩვენ პლანს ვეწევით, პოლიცია თავიდან გვაწუხებდა, დასაჭერად მოდიოდა ხოლმე, ერთხელ მანქანაში დაგვიჭირეს, მერე მივედით, სავალანასთან იგულისხმება, როგორც ეს კაცი იძახის, თქვენი დეპუტატი, სავალან მირზოევი, ის დაელაპარაკა პოლიციას და ამის მერე ხელს არავინ აღარ გვკიდებს,“ – აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ ჩანაწერში.

გიგა ბოკერიამ შს მინისტრს მოუწოდა, დადოს საჯაროდ პირობა, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე, რის შემდეგაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა გასული წლის არჩევნებზე მოხდა.

ბოკერიას თქმით, ამ საქმეს რეალური გამოძიება არ მოჰყვა, რის გამოც, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერმა ქვეყანა დატოვა. ბოკერიას თქმით, სწორედ ამ საქმეების გამოუძიებლობის გამოა, რომ შს მინისტრის დღეს გაცემული პირობების არავის სჯერა.

„სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას. ერთი არის სრული იგნორირება პოლიციელების ცემის, როგორც კორცხელში იყო, სრული იგნორირება, გამოძიების დაწყებაც კი არ გაგიკეთებიათ იმ პოლიციელებზე, ვინც იცავდნენ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვთ. მეორე, თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება გამოძება დაიწყოთ, რომელიც არსად არ დამთავრდება და მესამე, თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავია, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა, რომ კაცს შარდი დაელია და სახეში შეეზილა, შეიძლება დაიჭიროთ დროებით და მერე რომ ჩაწყნარდება, თქვენი აზრით, გამოუშვებთ,“ – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიენძელა მაჭავარიანი: რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ზაზა სარალიძის დაკავება
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის მინისტრი თებერვალში გადადგება