„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, სუს-ის შენობასთან „ყურის“ ფორმის ბანერი მიიტანეს

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა, ბათუმში სუს-ის შენობასთან „ყურის“ ფორმის ბანერი მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ახალგაზრდული გუნდის წევრების თქმით, აქცია-პერფორმანსის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსნონ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას სწორედ ამ ორგანოს-ყურის დახმარებით ინარჩუნებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად, მათი მოსმენით და შანტაჟითაა დაკავებული.

„ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი „კაგებეს“ მეთოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, რომელსაც ყური აქვს მიდებული ყველა ოჯახზე, ყველა მოქალაქეზე. ეს სამსახური ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდეს, ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტმა ლაშა ელიაძემ.

ამასთან, ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი ცინარიძემ აღნიშნა, რომ „ყური“ დღევანდელი რეალობის აღმნიშვნელია.

„ჩვენ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა მოვიტანეთ „ყური“ „ქართული ოცნების“ ლოგოთი, რომელიც დღევანდელი რეალობის აღმნიშვნელია, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად თითოეული ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის მოსმენითა და შანტაჟითაა დაკავებული. ისინი ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ინტერესებს, რომელსაც სურს ქვეყანაში დიქტატურისა და რუსული პოლიტიკის დამკვიდრება. ჩვენ „ევროპული საქართველოს“ გუნდი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილს გამოვაცალოთ ხელისუფლებაში ყოფნის ეს ბერკეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვებრძვით ამ სისტემას“, – განაცხადა გიორგი ცინარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი ძვირდება
შემდეგი სტატიაჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას მხარი დაუჭირა