ევროპული საქართველო რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებს ითხოვს, ოცნება მხარს არ უჭერს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 12:38

ევროპული საქართველო რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებს ითხოვს, ოცნება მხარს არ უჭერს

ევროპული საქართველო ითხოვს, ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს.

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან:

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;

ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა – დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა – და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;

ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება – მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება – საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია”.

ინიციატივას მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ “რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებაზე ინიციატივა მავნეა და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა”.

“სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ ეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანატიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას, საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”- თქვა ვოლსკიმ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics