ევროპული საქართველო: ქართული ოცნება იმდენად შეშინებულია, რომ ჩვენი პლაკატების ჩამოხევა დაიწო

სერგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაკრულ პარტიის პოლიტიკურ პლაკატებს ქართული ოცნების დავალებით ხევენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი პლაკატებს “მოხელეების ხელით ებრძვის”. დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ქართული ოცნების ისტერიაზე მიუთითებს.

“ქართულმა ოცნებამ, რომელიც იმდენად შეშინებულია, რომ გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ და ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს. ეს სასაცილოა, მაგრამ აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან ისტერიას და იმას, თუ როგორ სახედაკარგულები არიან. შეგიძლიათ, კადრებიც ნახოთ რამდენიმე ქალაქში, ბევრ ადგილას ემტერებიან ჩვენ პლაკატებს. ამას აკეთებენ საბიუჯეტო მოხელეების ხელით, რომლებიც ჩვენი დაქირავებულები არიან და ჩვენგან იღებენ ფულს. ამაში ხარჯავენ სახელმწიფო რესურსებს. მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ ხელისუფლება, რომელიც 3 თვით ადრე არჩევნებამდე არის ისტერიაში და როგორი ტიპის განაჩენი უნდა გამოუტანოს ოქტომბერში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ერთერთ ორგანიზაციას, ქუჩის ხელოვნების ფედერაციას, რომელმაც თბილისში, გაგარინის მოედანთან პლაკატები ჩამოხია, მერიასთან პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

“გადამოწმებული გვაქვს – ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი კონტრაქტი აქვს მერიასთან კონკრეტული რაღაცების გასაკეთებლად. რამდენიმეჯერ პირდაპირი შესყიდვების წესით მიიღო ფული მერიიდან”, – აღნიშნა კაპანაძემ.

კაპანაძის ამ ბრალდებებს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის წევრები უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათ კედლის მოხატვის უფლება მერიისგან კონკურის წესით მოიპოვეს და არანაირ პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიISFED საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შევიწროება ისევ გრძელდება
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: რუსეთი უხეშად არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს