“ევროპული საქართველო” პრემიერ კვირიკაშვილისაგან განმარტებას მოითხოვს

“ევროპული საქართველო” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს საჯარო განმარტებები გააკეთოს თუ რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები.
“იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეგვიპტის, ლიბანისა და ყატარის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებს, ავტორიტეტულ ბიზნესმენებს აეროპორტში, საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს, ხოლო პრემიერმა კვირიკაშვილმა მათთან და ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათაო ოფისიდან (პარიზი) ჩამოსულ სხვა სტუმრებთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

“მომხდარი ფაქტი არ ნიშნავს მხოლოდ ახლა და ამ კონკრეტული ბისნესმენებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. ეს ნიშნავს ასეულობით სხვა პოტენციური ინვესტორისათვის იმის თქმას, რომ საქართველოში მათ არ მიესალმებიან, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისათვის არასაიმედო ქვეყანაა.

ასეთი მდგომარეობა კი ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების დაბალ შემოსავლებზე, საყოველთაო გაჭირვებაზე, უმუშევრობასა და ფასების ზრდაზე.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტება: იმ დროს, როდესაც მთავრობა თავად უნდა ცდილობდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები და რატომ ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დმანისში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაჩხვირკიას და ღოღობერიძის ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ