„ევროპული საქართველო“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

„ევროპული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მთავარი თემა, რომელსაც პარტიის წევრები განიხილავენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მეორე ტური უამრავი დარღვევის ფონზე ჩატარდა. მისივე თქმით, პარტიის წევრები პოლიტსაბჭოზე ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სტრატეგიის მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაა.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ძალიან მძიმედ. იყო უამრავი დარღვევა, მოსყიდვა უპრეცედენტო მასშტაბით საქართველოს ისტორიაში, ძალადობა, იყო ამომრჩევლის ნებაზე ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით გავლენის მოხდენა ხელისუფლების მხრიდან. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სწორედ ასეთად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, მდგომარეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მეორე ტურის მერე, არის ისეთი, რომ გვყავს ვითომ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ბუნებრივია, ეს ითხოვს ყველა პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალისგან კონკრეტულ რეაგირებას. სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ლიდერი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრია.

გვექნება საუბარი ამ მძიმე ვითარებაზე. ასევე იმ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა შევიმუშაოთ, რათა მომდევნო დღეებში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება