“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად. ეს საპენსიო რეფორმა გაზრდის უმუშევრობას,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ იმ საკანონმდებლო პაკეტის შეფასება, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იწყებს.
“ევროპული საქართველოს” შეფასებით, საპენსიო რეფორმა გაუთვლელი და არარეალისტურია. “ფინანსთა მინისტრმა უნდა წარმოგვიდგინოს დეტალური ანალიზი, რას ეყრდობა მთავრობის რეფორმა. საკანონდებლო პაკეტს არანაირი დასაბუთება თან არ ახლავს,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს. დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის კი, 25, 35 და თუნდაც 45 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. “ღირსეულ პენსიას“.
“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპრეზიდენტი არჩევნებზე მოსკოვი აშშ-ის დამკვირვებლებს არ დაუშვებს
შემდეგი სტატიამარიცაზე მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი მოწმე euronews ესაუბრა