„ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

“ევროპული საქართველო” ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება. ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს.

ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში. ამის შესახებ მთავრობამ იცოდა, თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. “ქართული ოცნება” არც წელს გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთ საქართველოც. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მთავრობას პრობლების მასშტაბები ესმის. მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში აქვთ ხელისუფლების მიერ ნაყიდი პრეპარატების მიმართაც, რადგან არავის უფიქრია მათი საკმარისად ინფორმირება. დღეს უკვე შეწამვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაგვიანებულია.
“ევროპული საქართველო” გამოდის ინიციატივით, ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც.
გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა”, – განაცხადა გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშიგამგებელმა მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილები გამგეობას მიაქირავა – აუდიტის დასკვნა
შემდეგი სტატიაგვარის შეცვლის პროცედურა მკაცრდება- მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს