“ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 21, 2020 16:26

“ევროპული საქართველო” პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს

ევროპული საქართველო პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს, თუკი დოკუმენტში საგანგებო მდგომარეობის არსებობის კონკრეტული, გონივრული ვადა იქნება გაწეირლი.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. მისივე თქმით, ვინაიდან ევროპული საქართველო საპარლამენტო გუნდს წარმოადგენს, ის აუცილებლად მისცემს მთავრობას ამ ინსტრუმენტს, თუმცა ვადის მკაფიოდ გაწერა დოკუმენტში მისი პოლიტიკური გუნდისთვის “საკვანძო” საკითხია.

“ბატონმა გიორგი გახარიამ ახსენა 1-თვიანი ვადა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა ეწეროს დოკუმენტში. საზოგადოებას პარლამენტის მეშვეობით უნდა დარჩეს ბერკეტი ხელში, რომ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ნახოს, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რისთვის გამოიყენა ეს მდგომარეობა, არის თუ არა გააზრებული ამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება,”- თქვა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პრემიერმინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთ პროდუქტზე მაქსიმალური ფასის დაწესების უფლებაზე საუბრობდა. ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს არასწორია და, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში უარესი შედეგი გამოიღოს, თუმცა ამის მიუხედავად, დოკუმენტს მხარს მაინც დაუჭერს.

“ჩვენ ჯერ არ განვიხილავთ ეკონომიკაში ჩარევის სტრატეგიას, რა თქმა უნდა, დავუჭერთ ამას მხარს. და შემდეგ გვექნება ისევ საქმიანი და კონკრეტული შეთავაზებები მთავრობასთან, ყველა ამ საკითხთან, განსაკუთრებით ეკონომიკასთან დაკავშირებით,”- თქვა გიგა ბოკერიამ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება უკვე გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილამდე იქნება ძალაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 21, 2020 16:26