„ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ევროპულმა საქართველომ „თიბისი“ ბანკის თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი, შევქმნათ საგამოძიებო კომისია რათა ამ კომისიაზე გამოქვეყნდეს ხაზარაძის ნახსენები წერილიც, გამოქვეყნდეს ფაქტებიც და საზოგადოებას ქონდეს საშუალება თავად იმსჯელოს „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით“ – დავით ბაქრაძე

„მინდა საზოგადოებას გავაცნო, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალაშია, ჩვენ დავიწყეთ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება, რა თქმა უნდა გვაქვს უკვე უმცირესობის წევრების ხელმოწერები რომლითაც ისინი ადასტურებენ საკუთარ თანხმობას, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და მინდა მივმართო სხვა ფრაქციებს და მათ შორის უმრავლესობას ორი ძირითადი მიზეზით, რატო უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით.
პირველი – ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან თიბისი ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თემა რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს რა თქმა უნდა უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი.
მეორე – ბრალდებები რომლებიც მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის ასე ვთქვათ გაჟღერებული საკითხები რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებაში საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის ის თემა რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი უფლებამოსილი და ვალდებულია შექმნას საგამოძიებო კომისია და საკითხი გამოიძიოს და მიიყვანოს ბოლომდე.
მესამე – ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ხაზარაძის პოზიცია, რომ ის მზად არის შესაბამისი ფაქტები, მათ შორის წერილი რომელზეც ის საუბრობდა, რომ შს მინისტრმა მას მიწერა ზეწოლის წერილი, ეს ფაქტები და ეს წერილი გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში და გუშინ ბატონმა ხაზარაძემ ითხოვა, რომ პარლამენტში შექმნილიყო ასეთი საგამოძიებო კომისია. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი, შევქმნათ ეს კომისია რათა ამ კომისიაზე გამოქვეყნდეს ეს წერილიც, გამოქვეყნდეს ფაქტებიც და საზოგადოებას ქონდეს საშუალება იმსჯელოს, რამდენად სიმართლე მოისმინა მან გუშინ ბატონი ხაზარაძისგან. „ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი TBC ბანკის საქმის შესწავლას იწყებს