„ევროპული საქართველო“ „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრს საჯაროდ მიმართავენ იმ კითხვებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ერთ-ერთი კითხვა 520 დადგენილებას ეხება. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს საავადმყოფოებს.

„მე მინდა საჯაროდ მივმართო მინისტრ ტიკარაძეს 520 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ექიმებისა და ექთნების ნაწილის სახლში გაშვება, ხოლო ნაწილისთვის ხელფასის შემცირება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შეიძლება მტკივნეულად აისახოს როგორც პაციენტის მკურნალობის ხარისხზე, ასევე პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბეზე. პირველ რიგში, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რას უპირებს 520 დადგენილებას, აპირებს თუ არა მის შეჩერებას, როგორც ამას სამედიცინო სექტორი მოითხოვს და როგორც ეს ფართო საზოგადოების ინტერესშია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვები ასევე შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, საარსებო შემწეობის მოხსნას, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შეფასების სოციალურ მოდელს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „მინისტრის საათი“ გაიმართება, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ. მინისტრი დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქცია დაიწყო