„ევროპული საქართველო“ ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველო“ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას ბრძანება გაასაჯაროვა, ნადირაშვილის განცხადებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.
პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.

,,პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან პოლიტიკოსები ქმნიან ვითარებას, როდესაც საზოგადოება ვალდებულია დასვას კითხვები. დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი, რომელიც მოგვაწოდეს თავდაცვის სამინისტროდან. ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საუბარია იმაზე, რომ ოცნების დეპუტატის სოფიო კილაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში და ასევე თამარ ხულორდავას მეუღლეც ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში როდესაც მაშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ჩვენ გვაქვს კითხვები ლევან იზორიასთან თუ რა ნიშნით დაინიშნენ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროში და გვაქვს კითხვები ოცნების დეპუტატებთან, რა როლი შეასრულეს მათ საკუთარი მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით”- განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები“ – შოთა გეწაძე
შემდეგი სტატიაქუთაისში სკოლაში ჭერი ორპირი ქარის გამო ჩამოინგრა