“ევროპული საქართველო” გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართელო” პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პრემიერს პარლამენტში იბარებენ.

მათი თქმით, კვირიკაშვილი ვალდებულია წარადგინოს საქმიანობის ანგარიში.

“ბატონო პრემიერო, მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი), მთავრობის წევრი ვალდებულია, გამოცხადდეს პარლამენტში, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს საქმიანობის ანგარიში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს ვალდებულება პარლამენტს, განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობას, საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან.

სამწუხაროდ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტს არ ეძლევა საშუალება განახორციელოს კანონით მინიჭებული და ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის არსებითი ფუნქცია მთავრობის წევრების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავიბარეთ თქვენი კაბინეტის წევრები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად, თუმცა არც ერთი მათგანი პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში არ გამოცხადებულა. მათ შორისაა კახა კალაძეც, რომელმაც ისე დატოვა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა, არცერთხელ არ უპასუხია საპარლამენტო უმცირესობის კითხვებისთვის.

მზად ვართ მოგაწოდოთ სია იმ მინისტრებისა, რომლებიც პარლამენტში დავიბარეთ:

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი კახა კალაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

საპარლამენტო უმცირესობა მოგიწოდებთ, დაავალოთ მთავრობის წევრებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და მოსთხოვოთ, რომ აუცილებლად დროულად გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას. საპარლამენტო უმცირესობა ამჯერად მოითხოვს ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსვლას პარლამენტში.

საპარლამენტო უმცირესობა თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის პირველ მინისტრს მოგიწოდებთ, აღასრულოთ თქვენზე კანონით დაკისრებული ვალდებულება (პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლი, მე-3 ნაწილი) ეწვიოთ საქართველოს პარლამენტს და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში, გასცეთ პასუხები კითხვებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

გთხოვთ, გვიპასუხოთ როდის შეძლებთ ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე

ოთარ კახიძე

ფრაქცია ევროპული საქართველო-მოძრაობა საქართველოსთვის თავმჯდომარე

გიორგი წერეთელი

ფრაქცია ევროპული საქართველო-რეგიონების თავმჯდომარე

გიორგი ღვინიაშვილი”- აღნიშნავენ “ევროპულ საქართველოში”.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ საკითხი რუსეთის პატრიარქ კირილთან შეთანხმებულია?!