“ევროპული საქართველო” გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს

“ევროპული საქართველო”, გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, წყალტუბოში, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1 122 256 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

კანდელაკის თქმით, ამ გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვი იკვეთება, რადგანაც მუნიციპალიტეტს სანიტარული კვანძების მოსაწყობად ხუთი თვე ჰქონდა, თუმცა ტენდერი არ გამოუცხადებია.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა უტენდეროდ მიიღეს, ხოლო 9-დან 8 კომპანიას, წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. კანდელაკის თქმით, წყალტუბოში ეს ერთადერთი მაგალითი არ არის და ბევრი კორუფციული გარიგებაა.

“საქმე ეხება, 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სანიტარული კვანძების მოსაწყობად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1 122 256 ლარზე მეტის გახარჯვას. პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე, მთავრობას 5 თვეზე მეტი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ტენდერი გამოეცხადებინა, მაგრამ ამის ნაცვლად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, დაახლოებულ პირებზე გასცეს უღარიბესი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარზე მეტი,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი.

“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან წყალტუბოს მერიაში და განმარტავენ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებები, მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაფორმდა.

“რეგულაციების თანახმად, აუცილებელი გახდა 33-ვე სკოლაში სველი წერტილები მოწყობილიყო. ამისათვის გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 1 100 000 ლარი გამოეყო,”- აღნიშნავს წყალტუბოს მერიის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაანსამბლ „თუთარჩელას“ ახალგაზრდული გუნდის 11 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული