ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პირადად განიხილავს 18 ევროპარლამენტარის საგანგებო მიმართვას, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ანტიევროპული დეზინფორმაციული კამპანიის შესწავლას ეხება. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას პოლიტიკურმა მრჩეველმა და წერილის თანაავტორმა, ელენე მეტრეველმა განუცხადა.
მეტრეველის განმარტებით, ვინაიდან წერილს ხელი 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მოაწერა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისიდან შემხვედრი რეაგირება მყისიერი იყო:
„გვითხრეს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით განიხილავენ მას, პირადად პრეზიდენტი განიხილავს ამ წერილს, რადგან მას დიდი პოლიტიკური წონა აქვს. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გამოძიება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ფორმატის ფარგლებში ჩატარდეს.
წარსულში, სწორედ ამ მექანიზმით მოხდა სხვადასხვა მედიის შეფასება. როდესაც იარსებებს ოფიციალური დასკვნა, ევროკავშირის მხრიდან შემდგომი მკაცრი ნაბიჯების გადადგმა ბევრად მარტივი იქნება“, — აცხადებს ელენე მეტრეველი.















