ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესების განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი წესებით ევროკავშირი უფრო ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ შემთხვევებზე, როდესაც “უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს”.
“ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც, თუმცა, თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბოროტად გამოიყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ”. – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ კომპონენტებზე, რომლებიც შესაძლოა გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი.
- ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა;
- ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდებისა ან ინვესტიციის სანაცვლოდ;
- ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში;
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს;
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ზემოხსენებული კომპონენტები დაემატება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების განაცხადების აღიარების დონე დაბალია, ან იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც უარს ეუბნებიან შესვლაზე, ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში დარჩენის ვადები.
ამავდროულად, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს სურთ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და ასევე, შესაძლოა, გაგრძელდეს დამატებით 24 თვით, არსებული მექანიზმით განსაზღვრული 18 თვის ნაცვლად.
გარდა ამისა, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეუზღუდავს მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.
“დღეს მოქმედი მექანიზმით შეჩერების მეორე ფაზა ეხება ყველა მოქალაქეს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს არაპროპორციული იმ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა აშკარად პასუხისმგებელია სიტუაციის გაუარესებაზე”. – წერია განცხადებაში.
ახალი წესებით, შეჩერების დამატებით 24 თვით გაგრძელება არ შეეხება ავტომატურად მთელ მოსახლეობას. არამედ, მსგავს სიტუაციებში, ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა განაგრძოს მთავრობის წევრებისა და დიპლომატების ტარგეტირება.