ევროპული პერსპექტივა მოცემულობა იყო, რომელსაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მისცემდნენ – საქართველოს საკითხის განხილვას ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღარ დაუბრუნდება – კაკაჩია

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ჩვენზე წინ ორი ნაბიჯი გადადგეს, ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი წინ და ერთი უკან. ევროპული პერსპექტივა კი მოცემულობა იყო, რომელსაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მისცემდნენ. ეს იყო მინიმუმი, რომელზე უარსაც ევროპა ვერ გვეტყოდა. რეალურად კი, ჩვენ დავკარგეთ უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა, – ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, კორნელი კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კაკაჩიამ ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით, აგრესიული რიტორიკით და საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ჩავარდნით.

„სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა უკრაინის მოვლენების შემდგომ. ჩვენ გვქონდა შანსი, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ტრიოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო პერიოდამდე ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ვითვლებოდით, ბოლო წლები პოლიტიკის შედეგად კი, ერთ-ერთ მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით ამ ტრიოში. ამას ემატება რეპუტაციული ზიანი, რომელიც მას მიადგა ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, საგარეო პოლიტიკის ჩავარდნის შედეგად, რომელიც გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებაში. ასევე, იმ აგრესიული რიტორიკის გამო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის და ზოგადად, დასავლეთის მიმართ ეწეოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ რეფორმების ტემპი შენელებული იყო. ასევე ქვეყნის შიგნით და გარეთ შეიქმნა აღქმა, რომ საქართველო უკვე ნელ-ნელა მიდის ავტორიტარული მმართველობისკენ, ფაქტობრივად არის ერთპარტიული მმართველობა და ოლიგარქიული მმართველობა. ამ ყველაფრის ჯამმა გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს აისახა ევროკომისიის გადაწყვეტილებაში. დღევანდელი [სტატუსი] ჯობს იმას, რაც გვქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვიყოთ მინიმალურზე კონცენტრირებული, როცა მაქსიმალური შედეგის მიღების შესაძლებლობა გვქონდა?!“ – განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე მოსაზრებით, ახლა ქვეყანამ პირველ რიგში უნდა გაარკვიოს, ვინ უნდა გააკეთოს ის, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს.

ამასთან, კაკაჩიას თქმით, მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანებას და ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ რეფორმების ტემპი დაჩქარდეს და ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობითობის პრინციპები შესრულდეს.

„ახლა ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ხელისუფლების რეაქციას, როგორც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამ რეჟიმის თავისებურებებიდან, ალბათ, ხელისუფლება გააგრძელებს იგივე პოლიტიკას, რასაც აქამდე ატარებდა. თუ მან არ შეიმჩნია პირობითობის პრინციპი, რომელზეც საუბარია ამ გადაწყვეტილებაში, მაშინ საქართველო აუცილებლად დაადგება იზოლაციის გზას. ანუ წავალთ იქითკენ, როგორიც იყო იანუკოვიჩის უკრაინა და როგორიც არის ბელარუსის გზა. მეორე არის ის, რომ მარტო ხელისუფლების იმედზე არ უნდა ვიყოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდობას, რადგან ეს საერთო ეროვნული პროექტია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოვახერხებთ წნეხის ქვეშ ხელისუფლების მოქცევას. საზოგადოების დარაზმულობამ უნდა შექმნას მუხტი და აიძულოს ნაბიჯები გადადგას, რადგან ამ დათქმების შესასრულებლად ხელისუფლებას მინიმუმ საკუთარი ხელისუფლების გადანაწილება მოუწევს და ერთპარტიულ მმართველობაზე უარის თქმა, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი ამას თავისი ნებით არ დათმობენ. თუ არ იქნება საზოგადოების წნეხი, შესაძლებელია რამდენიმე წლის შემდეგაც იგივე ადგილზე აღმოვჩნდეთ. ახლა მნიშვნელოვანია მომავალი 2 წელი, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი, თუ როგორ მოვახერხებთ ამ პირობითობის პრინციპის განხორციელებას“, – განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხის განხილვას ევროკომისია მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღარ დაუბრუნდება.

„სწრაფად არ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველამ იცის, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. რეალურად, ორი წელი პროცესის დაწყებას დასჭირდება. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს თავისი ნებით არ გადადგამს, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ძალიან ხისტი პოზიციაც აქვს და არ მიაჩნია, რომ ეს პრობლემაა. ამიტომ არის საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანი. მეორე სცენარია ის, რომ თუ პირობითად, არჩევნების შემდეგ მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა, ახალმა ხელისუფლებამ უფრო ადვილად მოახერხოს ამის განხორციელება. ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. თუ ოპოზიცია შეხედავს, რომ საზოგადოებისგან არის დაკვეთა, მაშინ იმედია, პარტიულ კინკლაობაზე უარს იტყვის და ალბათ, საზოგადოებას იმ ალტერნატივებს შესთავაზებს, რაც ქვეყანას სჭირდება. პირობითობის პრინციპში ჩამოთვლილ საკითხებს მარტო ხელისუფლება ვერ გააკეთებს, ამაში ჩართული უნდა იყოს მთელი საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ჩვენზე წინ ორი ნაბიჯი გადადგეს, ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი წინ და ერთი უკან. ევროპული პერსპექტივა კი მოცემულობა იყო, რომელსაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მისცემდნენ. ეს იყო მინიმუმი, რომელზე უარსაც ევროპა ვერ გვეტყოდა“, – განაცხადა კაკაჩიამ.

banner
წინა სტატიაშიჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 5 ადამიანი
შემდეგი სტატიამხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის – სანდუ ევროკომისიაზე