ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია – ბოჭორიშვილი

ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანი მონაპოვარია თუნდაც იმ პირობებში, რომ საქართველომ ამ ეტაპზე ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბოჭორიშვილმა უპასუხა კითხვას: „ქართული ოცნებიდან“ წასულებმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ომის გარეშე სტატუსის მიღება შეუძლებელი იყო და კანდიდატის სტატუსი „შემოგდებულია“. იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას“.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიული მიზანია.

„ეს მათი განცხადებებია. თავს შევიკავებ მსგავსი სპეკულაციებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით და ვიტყვი, რომ ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანი მონაპოვარია თუნდაც იმ პირობებში, რომ საქართველომ ამ ეტაპზე ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის გაჩენა, რომელიც ევროკავშირის გაწევრიანების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის სასურველია, დროში ეს რაც შეიძლება მალე იყოს, მაგრამ დამოკიდებულია სხვა ბევრ გარემოებაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიული მიზანია. ის, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა, ესეც ვიცით. 2020 წლიდან გაცხადებულია, რომ დრო განსაზღვრული გვქონდა და ვფიქრობდით, რომ ამ კონკრეტულ დროს უნდა გაგვეკეთებინა განაცხადი. რა თქმა უნდა, მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გაჩნდა ეს შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ შესაძლებლობად მივიღეთ და განაცხადი გავაკეთეთ. თუმცა განაცხადის გაკეთებას მოჰყვა ამ ეტაპზე საქართველოსთვის მხოლოდ პერსპექტივის მინიჭება. უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველო სამ ქვეყანას შორის ნამდვილად არის ლიდერი რეფორმების გატარების კუთხით. სამ ქვეყანას შორის საუკეთო შესრულება აქვს ასოცირების შეთანხმების. თუკი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებდით, საქართველო ნამდვილად უნდა ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

წინა სტატიაშიკელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიამადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში – სტოლტენბერგი